ბათუმის 2019 წლის კონფერენციას საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიუძღვნის
ბათუმის 2019 წლის კონფერენციას საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლის იუბილეს მიუძღვნის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„გვინდა, 2019 წლის ბათუმის კონფერენცია მივუძღვნათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს. ამ თემაზე უკვე გვქონდა საუბარი ევროპელ პარტნიორებთან. ამ წინადადებას აქვს მათი მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერა. გვსურს, ეს კონფერენცია წარმომადგენლობითი იყოს, გვყავდეს ბევრი სტუმარი და მნიშვნელოვანი თემები განვიხილოთ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, კონფერენცია ივნისში გაიმართება, თუმცა ზუსტ თარიღზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ეს იქნება ჩვენი 10 წლის შეჯამება და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბათუმის კონფერენციაზე საუბარი შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით უნდა გადაიდგას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.