ბათუმი საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენას მასპინძლობს
ბათუმი საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენას მასპინძლობს. მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე სამშენებლო ინდუსტრიაში ჩართული 60-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი.

„მიუხედავად არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნება. სახელმწიფოს, კერძო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოფს რომ როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას რაიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა. მისასალმებელია, რომ სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიები ძალიან დიდ დაინტერესებას გამოხატავენ“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

გამოფენის ფარგლებში, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ტრაპზონის გუბერნატორთან ისმაილ უსტაოღლუსთან. მხარეებმა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა მზადყოფნა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

„ამ გამოფენის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ამ ქალაქისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს გამოფენა თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკური განვითარების კუთხით. მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქ მოპატიჟებისთვის. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ტრაპზონის გუბერნატორმა.