ბათუმი "კონტინენტის ფარის" პლეიოფში გავიდა
ბათუმი "კონტინენტის ფარის" პლეიოფში გავიდა

ბათუმმა “კონტინენტის ფარის” ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა შინ, ბათუმში, “რაგბი არენაზე” გამართა და “ა” ჯგუფის უძლიერეს წარმომადგენელს – ტიმიშოარა-სარასენსს 20:17 სძლია.

რუმინელებმა გამარჯვების მოპოვება ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედაში მოახერხეს და პლეიოფში თამაში ბათუმთან შეხვედრამდეც გარანტირებული ჰქონდათ, თუმცა სტუმრად მოგება მათ ჯგუფში პირველ ადგილს დაუბევებდა.

შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო. შეხვედრის პირველი ლელოს დადება მე-7 წუთზე რუმინელთა ცხრა ნომერმა, ქევინ ლეიტერსმა მოახერხა. ტევიტა მანუმუამ გარდასახვა უშეცდომოდ შეასრულა.

23-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ბახვა კობახიძემ საჯარიმო დარტყმით შეამცირა. ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებმა გარდასახული ლელო მიითვალეს (მამრიკიშვილი 34′) და შესვენებაზე სამ ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

დაპირისპირების მეორე ნახევარიც ტიმიშოარა-სარასენსის აქტიურობით დაიწყო. ტაიმის დაწყებიდან სამიოდ წუთში თავისი ლელო შუამარბმა ტევიტა მანუმუამ დადო – 10:12.

გაშვებული ლელოს შემდეგ ბათუმელები გამოცოცხლდნენ და მეტოქეს კარგადაც შეუტიეს. ზურაბ თუთბერიძემ ლელოს ხაზი გადაკვეთა, თუმცა ბურთის დამიწება ვერ მოახერხა და ხუთმეტრიანი შერკინება დაინიშნა.

რუმინელები ლელოს ამ ეპიზოდში გადარჩნენ, თუმცა იმავე თუთბერიძის წინააღგმდეგ მომდევნო შეტევისას ვეღარაფერს გახდნენ. მასპინძლების ცხრა ნომერმა მეტოქის დაცვის ხაზში ღრიჭო კარგად შენიშნა და ბურთი ძელებს შორის დაამიწა. კობახიძეს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია.

გადამწყვეტი გამოდგა ბათუმელთა ფულბეკის მიერ 62-ე წუთზე გატანილი ჯარიმა, რომელმაც მასპინძლებს რვა ქულიანი უპირატესობა მოუტანა – 20:12. “ტიმიშოარა-სარასენსმა” ბოლო წუთზე ლელო დადო (ვასილე რუს), თუმცა შედეგად მხოლოდ სანუგეშო ბონუს ქულა ერგო.

ბათუმელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგეს და ორიც დათმეს. ქართულმა კლუბმა წაგებულ შეხვედრებშიც მოახერხა ბონუს ქულების მოპოვება და შედეგად “ბ” ჯგუფს დასკვნით მატჩამდეც ლიდერობდა. ტიმიშოარა სარასენსის დამარცხების შემდეგ ბათუმმა 12 ქულა მოაგროვა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

“კონტინენტის ფარის” პლეიოფი 2018 წლის იანვარში გაიმართება.