ბათუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს
11-12 ივლისს საქართველოს მთავრობა ბათუმში უმასპინძლებს უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყანაში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები იკრიბებიან.
კერძოდ, მინისტრის ინფორმაციით, სტუმრებს შორის იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.
„მათ შორის არიან: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჰმუდ მამად-გულიევი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.
„ღონისძიებას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობა და გამორჩეული იქნება როგორც უპრეცედენტო მასშტაბით, მონაწილეთა დონითა და რაოდენობით, ასევე – შინაარსით. მაღალი დონის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, შეაფასონ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, ასევე იმსჯელონ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.