ბათუმისთვის 2011 წელს მიერთებული ტერიტორიის ნაწილი ისევ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება
ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან 2011 წელს მიერთებული ტერიტორიის ნაწილს უკანვე აბრუნებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულომ დღეს ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.
ხელვაჩაურს დაუბრუნდება 55 ჰექტარი მიწა.
ტერიტორიაზე, რომელიც ბათუმის ადმინისტრაციის დაქვემდებარებიდან ხელვაჩაურს დაუბრუნდება, 311 ოჯახი ცხოვრობს.
2011 წელს ბათუმის საზღვრებში ხელვაჩაურის დაბა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი გადავიდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით კი, აუცილებელია, მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ადმინისტრაციული ცენტრი. ამის გამო, ხელვაჩაურის საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტს საზღვრების შეცვლის თხოვნით მიმართა.
ბათუმის საზღვრებში იყო დღემდე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს, პოლიციის, კულტურის სახლისა და სხვა მნიშვნელოვანი უწყებების შენობები.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამის შუამდგომლობას სამთავრობო კომისიას წარუდგენს.