„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული სააპელაციო სასამართლოში პროცესს ესწრება
კლუბ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესს დაესწრება.
ქვლივიძე სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა მესხმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველად არის სასამართლო ორგანოში და პირველად ჰქონდა შეხება სამართალდამცველ ორგანოებთან.
მისივე თქმით, ორივე დანაშაულს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაწილობრივ აღიარებს.
„არც ერთი ჭრილობა არ არის შემავალი და სიცოცხლისთვის საშიში. ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურას გამოკითხული ჰყავდა ექიმი, რომელმაც განუცხადა, რომ არც ერთი ჭრილობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში. ნასერი ჭრილობა მიიღო, შეიძლება მიიღო გაშველების დროს ან სხვა რაიმე მოქმედების დროს. დაცვის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. მე არ ვამართლებ. რომ ვამართლებდე, მოვითხოვდი, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ. ის მარტო მოქმედებდა. ის აღიარებს, რომ ჰქონდა დანა, ამოიღო და გაშველების დროს, როცა მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, იქნევდა“, – განაცხადა ზაზა მესხმა.
კითხვაზე, ექსპერტიზაზე ჰყავდათ თუ არა ბრალდებული, ადვოკატმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
„ვერ გეტყვით, დღეს რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყოველივე ეს არის აშკარა ზეწოლა სასამართლოზე როგორც პროკურატურის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ალბათ იმიტომ, რომ იმ ღამის კლუბს ჰყავდა მფარველები“, – განაცხადა ზაზა მესხმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის საჩივარს განიხილავს.
ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
13 იანვარს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.