ბაშარ ასადი „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტს 12 წლის შემდეგ პირველად ესწრება
ბაშარ ასადი „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტს 12 წლის შემდეგ პირველად ესწრება

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტს 12 წლის შემდეგ პირველად ესწრება.

სირია „არაბული ქვეყნების ლიგიდან“ 12 წლის წინ გარიცხეს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ ძალადობრივი გზით ჩაახშო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რასაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ბაშარ ასადმა ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით შეძლო. ახლა სურს, რომ მას ქვეყნის აღდგენაში დაეხმარონ.

როგორც „ბიბისი“ წერს, სირიის ამ ორგანიზაციაში დაბრუნება ასადისა და მისი მოკავშირეების მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა და ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მიუთითებს, სადაც აშშ-ის გავლენა შემცირდა და ასპარეზზე ჩინეთი გამოჩნდა.

სირიაში სამოქალაქო ომის დროს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაერო-მ სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მსხვერპლთა აღრიცხვა რამდენიმე წლის წინ საერთოდ შეწყვიტა. 100 ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სირიის ექვს მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

„არაბული სახელმწიფოების ლიგამ“ სირიას წევრობა 7 მაისს ეგვიპტეში გამართულ შეხვედრაზე აღუდგინა, ხოლო საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ასადი ორგანიზაციის სამიტზე პირადად მიიწვია.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაისალ ბინ ფარაჰ ალ-საუდი მიესალმა სირიის ორგანიზაციის წევრად დაბრუნებას.

„ჩვენი სამყარო დღეს არაერთი გამოწვევისა და სირთულის წინაშე დგას, ამიტომ ჩვენ გზაგასაყარზე ვდგავართ. აუცილებელია, ერთად ვიდგეთ და უფრო მეტად ვცადოთ, ვიმოქმედოთ ერთად, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სირიის არაბული ქვეყნების ლიგაში დაბრუნების წინააღდმდეგი იყო კატარი, თუმცა, როგორც დოჰაში განაცხადეს, გადაწყვეტილებისთვის წინააღდეგობა არ გაუწევიათ, რადგან არ სურდათ „არაბული კონსენსუსის დარღვევა“.

აშშ-ში განაცხადეს, რომ სირია „არაბული ქვეყნების ლიგაში“ დაბრუნებას არ იმსახურებს.