ბასა ფოცხიშვილი - ინაუგურაციის ცერემონია უნდა იყოს ქართულიც და ამავდროულად, ევროპულიც
ბასა ფოცხიშვილი - ინაუგურაციის ცერემონია უნდა იყოს ქართულიც და ამავდროულად, ევროპულიც

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართული და ამავდროულად, ევროპულიც, – ამის შესახებ რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფოცხიშვილის თქმით, ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრია და ინაუგურაციის ღონისძიების მომზადება, მისთვის პატივი და პასუხისმგებლობა იქნება.

„ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთო პრეზიდენტის ინაუგურაცია და მადლიერი ვარ, რომ შემოქმედებით ჯგუფში მეც ვარ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც ამავდროულად. ჩემს ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ და ვეცდები, კარგი ინაუგურაცია გამოვიდეს. შემოქმედებით ჯგუფში არის მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე. ძალიან დიდი ჯგუფი არის, რომელიც იმუშავებს, რადგან ბევრ ღონისძიებას მოიცავს და რთული გასაკეთებელია. ცალ-ცალკე სცენარები არ განიხილება, სხვადასხვა ღონისძიებაზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს მივიღეთ ოფიციალური დასტური და დღეს დავიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

მისი თქმით, ინაუგურაციის ჩატარების ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია და სანახაობა ლამაზი იქნება.

„თავისთავად, ადგილი, რომელზეც საუბარია, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული და სათუთი, ულამაზესი ადგილი. ვფიქრობ, თელავში ერეკლეს სასახლის ტერიტორიაზე ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება“, – განაცხადა რეჟისორმა.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის შემდეგ მიღება წინანდალში გაიმართოს.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.