ბარსელონის მიტოვებულ სკოლაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შიშობენ, რომ სამართალდამცველები განმეორებით სპეცოპერაციას ჩაატარებენ
ბარსელონის მიტოვებულ სკოლაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შიშობენ, რომ სამართალდამცველები განმეორებით სპეცოპერაციას ჩაატარებენ

ესპანეთში, ბარსელონის მიტოვებულ სკოლაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შიშობენ, რომ სამართალდამცველები განმეორებით სპეცოპერაციას ჩაატარებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილზე მცხოვრებმა, ნათია ონიანმა განუცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიმინალის ბრალდებით სხვა პირების დაკავებაც იგეგმება.

„ამ დროისთვის არის სიმშვიდე, ადგილზე 31 ქართველი ვართ, მათ შორის 14 ბავშვი. აქ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ უნდა ჩატარდეს დღეს სპეცოპერაცია სხვა კრიმინალების დაკავების მიზნით, გვეშინია, რადგან არ გვინდა, ბავშვებმა კიდევ ერთხელ ნახონ სპეცრაზმელები და ის ვითარება, რასაც ორი დღის წინ შეესწრნენ. არ ვიცით, ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება”,- განაცხადა ნათია ონიანმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობა ესპანეთში, მიტოვებულ სკოლაში შესახლებულებთან არ მისულა.

ბარსელონაში, ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 66 ქართველი დააკავეს. 25 მათგანი ბინების ქურდობაში და კრიმინალურ საქმიანობაშია ბრალდებული, დანარჩენი 41 პირი საემიგრაციო წესების დარღვევის ბრალდებით, საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს. კრიმინალის ბრალდებით დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს. საქართველოს კონსულის ინფორმაციით, მათი სასამართლო კვირის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.