ბარსელონიდან სპეცრეისით საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა
ბარსელონიდან სპეცრეისით საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა

ბარსელონიდან საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა. სპეცრეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინიტროდან აცნობეს, ქვეყანაში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება. ისინი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც განთავსებულია სასტუმროებში „ოაზისი“, „კოლიზეუმი“ და „ველმონდი“. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, აჭარაში მდებარე საკარანტინო ზონებში განთავსებულია 1570 მოქალაქე.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკარანტინო ზონებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.