ბარსელონაში საკრუიზო გემების მგზავრებისთვის, რომლებიც ქალაქს 12 საათზე ნაკლები ხნით სტუმრობენ, ტურიზმის გადასახადი გაიზრდება
ბარსელონა საკრუიზო გემების მგზავრებისთვის, რომლებიც ქალაქს 12 საათზე ნაკლები ხნით სტუმრობენ, ტურიზმის გადასახადს გაზრდის. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ხაუმე კოლბონიმ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად საკრუიზო გემების მგზავრების ტურისტული გადასახადი 7 ევროს შეადგენს. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რამდენით იგეგმება გადასახადის გაზრდა.
„საკრუიზო გემების მგზავრების შემთხვევაში, რომლებიც ქალაქში 12 საათზე ნაკლები დროით ჩერდებიან, ხდება საზოგადოებრივი სივრცეების ინტენსიური გამოყენება ქალაქისთვის ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ჩვენ გვინდა ტურიზმი, რომელიც პატივს სცემს დანიშნულების ადგილს“, – განაცხადა მერმა.
შესაბამისი ინიციატივა კატალონიის რეგიონულ მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს.
ბოლო კვირებში ტურიზმის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ესპანეთის რამდენიმე ადგილას, კერძოდ, პალმა დე მალიორკაში, მალაგაში, ასევე კანარის კუნძულებზე. დემონსტრაციების მონაწილეები ამბობენ, რომ ვიზიტორები ზრდიან საცხოვრებლის ფასს, რის გამოც ადგილობრივ მცხოვრებლებისთვის ქალაქების ცენტრში ცხოვრება ხელმისაწვდომი არ არის.