ბარსელონაში, მიტოვებული შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქეა
ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქეა.
გავრცელებული ცნობით, ამავე შენობას თავს ქართველი კრიმინალები აფარებდნენ. ესპანური გამოცემა წერს, რომ მიტოვებულ შენობაში რამდენიმე ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, შენობაში მდებარეობდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში.
ესპანური მედიის ცნობით, მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. სულ გამოსახლებას დაექვემდებარა 119 ადამიანი. საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს.
აპრილში ამავე შენობაში ჩატარებული სპეცოპერაცის დროს დააკავეს 53 ადამიანი, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ“.