ბარსელონაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 30, 26 და 25 წლის მამაკაცები ძარცვის 22 სხვადასხვა ეპიზოდში არიან ეჭვმიტანილი.
კატალონიის სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ყველა შემთხვევა სარია-სანტ გერვასის რაიონში მოხდა და ხელწერით ერთმანეთს ემთხვევა. კერძოდ, მძარცველები სამიზნედ ირჩევდნენ ისეთ ობიექტებს, რომელსაც შუშის ავტომატიზებული კარი აქვთ და შესაღწევად მინიმალური ძალისხმევაა საჭირო.
გაძარცვულ ობიექტებს შორის სილამაზის სალონები, საცხობები, ესთეტიკური ცენტრები, რესტორნები, ფარმაცია და წიგნის მაღაზიებიცაა.
ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. სამივე დაკავებული, სასამართლოს წინაშე წარდგენის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.