შსს - ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის წარსულშიც იყო დაკავებული და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა
ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წლის მამაკაცი 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დღეს დააკავა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
გამოძიებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.
პოლიციაში შვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება დედის მიმართ ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ძალადობის თითოეულ ფაქტზე, თუმცა ამ პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.