ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს სახაზინო ადვოკატი დღეს იზოლატორში შეხვდება
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს სახაზინო ადვოკატი დღეს იზოლატორში შეხვდება

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ადვოკატი იზოლატორში შეხვდება. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვეფხია ბაქრაძეს ბრალს სავარაუდოდ დღესვე, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

ბაქრაძე დაკავების შემდეგ ქალაქის მთავარ სამმართველოში, იზოლატორში იმყოფება სადაც ბრალის წარდგენა ადვოკატის თანდასწრებით მოხდება.

დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. პროკურატურა კი სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავს და ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.

მკვლელობისთის დაკავებული პირი, შსს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.