ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოკლულის დედას დაკითხავს
2018 წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმეზე შესავალი სიტყვების შემდეგ ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ყოფილი ცოლი, მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა ნათელა გობაძე დაიკითხება.
მოკლულის დედამ განმარტა, რომ სასამართლოს ჩვენებას მიცემს და მომხდართან დაკავშირებით ისაუბრებს. დაზარალებულის თქმით, მკვლელობას მისი მცირეწლოვანი შვილიშვილები შეესწრნენ.
„ველოდები სასამართლოს. ყველანაირი ინფორმაცია ისედაც მიწოდებული მაქვს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ბავშვები იქ იყვენ, მაგის უარყოფა არ შეიძლება. ამაზე სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ყველას, ვინც მაგ კითხვას დამისვამს. იქ კი არ იყვნენ, თავისი თვალით უყურეს. იქ ბენზინიც იყო. ბავშვების დაწვას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ბენზინი ვიპოვე, ტანსაცმელი იყო ბენზინიანი. არამარტო მკვლელი, მოძალადე, ყველაზე აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა, ამიტომ არ მინდოდა მასთან ცხოვრება“, – განაცხადა ნათელა გობაძემ.
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.