„ბარბაროსები“ ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ
„ბარბაროსები“ ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ

რაგბის კლუბი „ბარბაროსები“ 28 ოქტომბერს ავსტრალიასთან დაძაბულ შეხვედრაში 28:31 დამარცხდა, ერთი კვირის შემდეგ კი გამორჩეულთა გუნდმა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილოსან „ოლ ბლექს“-თან ითამაშა.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო და „ბარბაროსები” მალევე ორი ლელოთი (მოუნგა 9′, ბრიჯი 15′) დაწინაურდნენ. მე-18 წუთზე ერთი ლელო ტიჯეი პირენარამ ვაისაკე ნაჰოლოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაქვითა.

ტაიმის დასრულებამდე „ბარბაროსებმა” კიდევ ერთი ლელოს დადება მოასწრეს (კარტერი 29′), თუმცა თავადაც გაუშვეს (ფიფიტა 35′) და შესვენებაზე მხოლოდ შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

დაპირისპირების მეორე ნახევარში უკვე ახალ ზელანდიელები დომინირებდნენ. “შავებმა” ათწუთიან მონაკვეთში მეტოქეს სამი გარდასახული ლელო დაუდეს (ლაუმაპე 54′, კეინი 56′, ჰარისი 59′) და კომფორტული, 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩის ბოლო წუთზე ბრიჯმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში – “ბარბაროსები” 22:31 ახალი ზელანდია – დააფიქსირა.