ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონო სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ფეისბუქ ლაივში ჩართვისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე აშენდება.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის მიმართ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ.
„ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ამ კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებით. პატარა სასტუმროს მშენებლობის პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი და გაიცა ნებართვა პროექტზე, რომელიც არსებულ განაშენიანებასა და ურბანულ ქსოვილში თავისუფლად ჯდებოდა. მშენებლობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არასწორად მიმდინარეობდა მშენებლობა, უკანონოდ დამატებული იყო ერთი სართული. მე საზოგადოებას მივეცი პირობა, რომ მშენებლობა დასრულებოდა იმ ფორმით, რაც იყო შეთანხმებული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს გვიხარია, ვიღაცას რომ მშენებლობას ვუჩერებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესების ფარგლებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ძველ თბილისზე.
ბარათაშვილის ქუჩაზე ეს ისტორიული გალავანი რამდენად მნიშვნელოვანია და საინტერესოა ქალაქისთვის, ამას, ვფიქრობ, ახსნა-განმარტება არ სჭირდება. შესაბამისად, აქ მშენებლობა ამ ფორმით ვერ დასრულდებოდა და ჩვენ მივეცით პირობა თბილისელებს, რომ აუცილებლად მოიხსნებოდა ის ზედმეტი სართული. ახლა აქ დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, გვქონდა კომუნიკაცია მფლობელებთან და შევთანხმდით. მიხარია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და ზედმეტი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა.
ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს. ყოველთვის ვიდგებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი სამსახურების მხრიდან იქნება რეაგირება. სამართლიანობა და თანასწორობა კანონის წინაშე ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ, ასე ვმოქმედებდით წარსულშიც და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.