ბარაკ ობამა - ყველა ქვეყანას რომ ქალი მართავდეს, ცხოვრების უკეთესი პირობები გვექნებოდა
ყველა ქვეყანას რომ ქალი მართავდეს, ცხოვრების უკეთესი პირობები გვექნებოდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ სინგაპურში, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ქალებო, უბრალოდ მინდა იცოდეთ, თქვენ არ ხართ სრულყოფილები, მაგრამ დარწმუნებით ვამბობ, რომ კაცებზე უკეთესები ხართ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა ქვეყნის მმართველი ქალი იქნება, ჩვენ შესამჩნევი გაუმჯობესება გვექნება ყველაფერში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა.
ობამას თქმით, თუ გადავხედავთ მსოფლიოს და არსებულ პრობლემებს, ვნახავთ ასაკში შესულ მამაკაცებს, რომლებიც გზას არ თმობენ.
„პოლიტიკური ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია გაიხსენონ, რომ ისინი თანამდებობაზე საქმის შესრულების გამო არიან და არა მთელი ცხოვრებით. თქვენ თანამდებობაზე იმიტომ არ ხართ, რომ იგრძნოთ საკუთარი მნიშვნელობა ან გაიმყაროთ ძალაუფლება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.