ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მინესოტის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება და სამართლის აღსრულება
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ეს არ უნდა იყოს „ნორმალური“ 2020 წლის ამერიკაში. ეს ვერ იქნება „ნორმალური“. თუ გვსურს, რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ ქვეყანაში, რომელიც თავის უმაღლეს იდეალებს შეესაბამება, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ უკეთესები.
ბუნებრივია იმის სურვილი, რომ ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს მაშინ, როდესაც პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენ გარშემო ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მილიონობით ამერიკელისთვის განსხვავებული დამოკიდებულება რასის გათვალისწინებით არის ტრაგიკული, მტკივნეული და შემაშფოთებლად „ნორმალურია“, იქნება ეს ჯანდაცვის სისტემასთან თუ სისხლის სამართლებრივ სისტემასთან ურთიერთობა, ან ქუჩაში სირბილისას ან უბრალოდ პარკში ჩიტების ყურებისას“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი“, – წერს ბარაკ ობამა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.
ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ მინესოტის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება და სამართლის აღსრულება.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის ტვირთია, ისეთი „ნორმალური ცხოვრების“ შექმნა, სადაც ფანატიზმის ან არათანასწორი დამოკიდებულების მემკვიდრეობა აღარ დააზარალებს ინსტიტუტებსა და ადამიანების გულებს.
მინეაპოლისში სამართალდამცველის მხრიდან ძალადობის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები და არეულობა სამი დღეა, გრძელდება. ქალაქში მობილიზებულია ეროვნული გვარდია.