ბარაკ ობამა - მიგრანტების მიღება ქვეყანას აძლიერებს, რადგან მათ ახალი ენერგია შემოაქვთ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ პირველად, ბარაკ ობამა სიტყვით იოჰანესბურგში გამოვიდა. ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, სამხრეთ აფრიკაში ჩასულმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ადამიანის უფლებებზე ბევრი ისაუბრა. მან ყურადღება მიგრაციასა და ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს პრობლემა მსოფლიოში დღესაც არსებობს.
„არავინ იბადება სიძულვილის გრძნობით, მათ სიძულვილს ასწავლიან, თუმცა სიძულვილის ნაცვლად სიყვარულის სწავლაც შესაძლებელია და სიყვარული ადამიანის ბუნებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სიძულვილი“, – განაცხადა ობამამ.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა იმიგრაციის პროცესი სახელმწიფოსთვის დადებით მოვლენად შეაფასა. მისი თქმით, მიგრანტების ნაკადის მიღება ისეთ ქვეყანას, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, აძლიერებს.
„იმიგრაციის დროს ახალი ენერგიისა და ნიჭის შედინება ხდება. სხვა ქვეყნებიდან წამოსულ ადამიანებს ამერიკაში ახალი სიცოცხლე შემოაქვთ და ეს ჩვენს ქვეყანას უფრო ძლიერს ხდის.“
ბარაკ ობამამ იოჰანესბურგიდან მსოფლიო მოსახლეობას მოუწოდა, არასოდეს შეშინდნენ, არასოდეს დაკარგონ იმედი და აიმაღლონ ხმა უთანასწორობისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
„არ დაკარგოთ რწმენა, ნუ შეუშინდებით მომავალს, ნუ შეგეშინდებათ პროტესტის გამოხატვის, აიმაღლეთ ხმა და თქვენს ხმას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიგონებენ. არასოდეს შეგეშინდეთ ერთი ლიდერის, რადგან ის ერთია, ხალხი კი ბევრი“, – განაცხადა ბარაკ ობამამ ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.