ბარაკ ობამა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ბარაკ და მიშელ ობამებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჰარისს აქვს „ხედვა, ხასიათი და ძალა, რასაც ამჟამინდელი კრიტიკული მომენტი მოითხოვს“.
„კვირის დასაწყისში მე და მიშელმა დავურეკეთ ჩვენს მეგობარს, კამალა ჰარისს. ვუთხარით, რომ ვფიქრობთ, ის გახდება შეერთებული შტატების ფანტასტიკური პრეზიდენტი, რომ აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ნოემბერში მან გაიმარჯვოს. ვიმედოვნებთ, რომ შემოგვიერთდებით“, – წერს ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში.
ბარაკ და მიშელ ობამები ეთანხმებიან აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისის არჩევა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
„კამალას აქვს რეზიუმეზე მეტი, კამალა ჰარისს აქვს ზუსტად ის, რაც სჭირდება ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კამალა ჰარისმა ობამას მხარდაჭერისა და ხანგრძლივი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.