ბარაკ ობამა აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელების მხრიდან საარჩევნო თაღლითობაზე საუბარი ძირს უთხრის დემოკრატიას
ბარაკ ობამას განცხადებით, დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელების მხრიდან საარჩევნო თაღლითობაზე საუბარი ძირს უთხრის დემოკრატიას. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „სიბიეს“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ობამას თქმით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.
მისივე თქმით, ტრამპის მხრიდან საარჩევნო თაღლითობაზე საუბარი მას არ გაჰკვირვებია, რადგან აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დამარცხება არ უყვარს.
„მე უფრო მეტად მაშფოთებს ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელების ნაწილი, რომლებმაც ყველაფერი უკეთ იციან, ტრამპს მხარდაჭერას უცხადებენ. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია არა მხოლოდ ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის კანონიერების, არამედ თავად დემოკრატიის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გზაზე და ეს სახიფათო გზაა“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ 7 ნოემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდება.
ხმების დათვლის პროცესი რამდენიმე შტატში ამ დრომდე გრძელდება. აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია.