ბაქოში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა დაათვალიერეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ბაქოში გამართულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერეს. ღონისძიებას ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.
საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.
ბაქოში AITF-2018-ის გამოფენაზე მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 230-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას ტურისტული ინდუსტრიის 4 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი, ასევე სხვადასხვა სასტუმრო.
ინფორმაციას გამოფენის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.