ბაქოში „შავი იანვრის“ მსხვერპლს იხსენებენ – აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარის ოპერაციიდან 30 წელი გავიდა. ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობამ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. აზერბაიჯანში ხომალდების, ავტომობილებისა და მატარებლების ხმოვანი სიგნალები გაისმა.
1990 წლის 20 იანვარს, საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანის ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპერაციას 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1990 წლის იანვრის დასაწყისიდან, აზერბაიჯანელებმა მიტინგები გამართეს და მარტში უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას გეგმავდნენ.
20 იანვრის ღამეს, როდესაც ბაქოში სიმშვიდე იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან აზერბაიჯანში რეგულარული არმიის ნაწილები და სპეცდანიშნულების რაზმები გადაისროლეს. არმიის ნაწილების გადაადგილებას ახლდა ქალაქის მოსახლეობისა და ავტომობილების მიმართულებით სროლა. საბჭოთა არმიის ჯარისკაცები ბაქოს მცხოვრებლებს ქუჩებში ესროდნენ, დაწვეს და გაანადგურეს 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბინა, ასევე 100-მდე ავტომობილი.
1990 წლის 22 იანვარს, აზერბაიჯანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბაქოში გამართულ ცერემონიაზე ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. პარალელურად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მიხაილ გორბაჩოვის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, მოსკოვში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლობაში ოჯახთან ერთად მივიდა, სადაც მოსკოვში მცხოვრები ათასობით აზერბაიჯანელი იყო შეკრებილი. აქ ალიევმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა და აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარების შესვლას არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური უწოდა. ჰეიდარ ალიევმა მიხაილ გორბაჩოვი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ერის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. რამდენიმე თვეში ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა და დეპუტატად აირჩიეს. 1993 წლის ოქტომბერში, ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა.