ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა
ბაქოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, რიზა თურაგაისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შახინ ბაგიროვის მონაწილეობით საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ.
მათივე ცნობით, აღნიშნული შეთანხმება, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა სამი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე.
ამასთან, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობაზე და გაზრდილი ტვირთნაკადის მართვის პროცესში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს სავაჭრო და სატრანსპორტო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციების ავტომატური შევსება და მომხმარებელთა მიერ, ელექტრონულად წარდგენილი ინფორმაციის წახალისება. ამასთან, უწყებაში აქტიურად იწყება ხელოვნური ინტელექტის პროექტის დანერგვა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვსდგებით“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.
სამმხრივი კომიტეტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ და თურქულ მხარეებთან, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.
აღნიშნულ შეხვედრებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ.