ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი მონაკვეთის გახსნის ცერემონია გაიმართა
ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი მონაკვეთის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ენერგეტიკულმა დერეფანმა საქართველოს გავლით, აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება უნდა უზრუნველყოს.
გახსნის ცერემონია ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალში გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, პროექტის განხორციელება ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ეს პროექტი ხორციელდება ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და ხელს შეუწყობს მონაწილე-ქვეყნებს შორის მომავალში თანამშრომლობის გაძლიერებას“, -აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პროექტის მხარდაჭერისთვის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მადლობა გადაუხადა.
ილჰამ ალიევის აზრით, „სამხრეთის გაზის დერეფანი“ მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად პროექტში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს – აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ალბანეთი და იტალია. ამას გარდა, პროექტში ჩართვას გეგმავს კიდევ სამი ბალკანური ქვეყანა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია და მონტენეგრო.
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია და მისი სიგრძე 3500 კილომეტრია. ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანს იტალიის სამხრეთთან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით აკავშირებს. პროექტი მოიცავს ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენებს.
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კიდევ ერთი ნაწილის გახსნის ცერემონია თურქეთში 12 ივნისს არის დაგეგმილი.
დღეს ბაქოში გამართულ ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის წერილი წაიკითხეს.
„ისეთი პროექტების განხორციელების შემდეგ, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზურუმი, ასევე სატრანსპორტო დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსი, გაზსადენი TANAP-ი არის პროექტი, რომელიც რეგიონის მომავალს შეცვლის. TANAP-ი არის რეგიონული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი“, -ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის წერილში.