ბაქოში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია - „ახალი ხედვა სამხრეთ კავკასიისთვის: პოსტკონფლიქტური განვითარება და თანამშრომლობა“
აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ახალი ხედვა სამხრეთ კავკასიისთვის: პოსტკონფლიქტური განვითარება და თანამშრომლობა“.
კონფერენციაში მონაწილეობენ ექსპერტები, მედიამიმომხილველები რამდენიმე ქვეყნიდან.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ეწვივნენ ყარაბაღის რეგიონს. დღეს კი, კონფერენციის მონაწილეებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხვდება. ქვეყნის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ომის შემდგომ პროცესებზე და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ომი დასრულდა, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ოკუპირებული ტერიტორიები და ახლა დადგა დრო რეგიონული თანამშრომლობისთვის. ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთი თანამშრომლობაზე მზად თუ იქნება, ამით რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს სარგებელს.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს რეგიონული თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, ფორმატში 3+3, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, თურქეთის, რუსეთისა და ირანისა და, მეორე მხრივ, უშუალოდ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას. ალიევმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საკითხს განიხილავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მისი მომავალი ვიზიტისას ბაქოში.