აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრა ილჰამ ალიევის რეზიდენციაში იმართება.
შეხვედრის დაწყების წინ აზერბაიჯანის ლიდერმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოკლე კომენტარი გააკეთეს. ალიევმა თავის მისალმებაში ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანისა და რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალზედ კმაყოფილი ვართ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთქმედების ხარისხით. ჩვენ მიერ 2022 წლის თებერვალში ხელმოწერილი სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ დეკლარაცია წარმატებით სრულდება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას და კარგ ციფრებს. ვთანამშორომლობთ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობას“, – განაცხადა ალიევმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების დარეგულირებასა და რეგიონში სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას.
„ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, რაიმეს გაკეთება თუ შეგვიძლია, რათა მივიდეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე, მივიყვანოთ საქმე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციამდე, განვბლოკოთ ლოგისტიკის შესაბამისი მიმართულებები ეკონომიკაში. ცხადია, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ დავუკავშირდები სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მოვუყვები ჩვენი მოლაპარაკებების შედეგზე“, – განაცხადა პუტინმა.