ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში, უქმე დღეებში სრული კარანტინი გამოცხადდა
ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში, უქმე დღეებში სრული კარანტინი გამოაცხადეს. დაკეტილია ყველა მაღაზია, აფთიაქი, ბანკი, ფოსტის განყოფილებები, კაფეები და რესტორნები. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.
გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო დახმარების განსაკუთრებული საჭიროება და ახლობელი ადამიანის დაკრძალვა.
კარანტინის პერიოდში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. აკრძალულია პირადი ავტომობილის გადაადგილებაც.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმუშავებენ მხოლოდ საავადმყოფოები, სასწრაფო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები. სახელმწიფო კომპანიებს უფლება აქვთ, შეზღუდული რაოდენობით თანამშრომლები მიიყვანონ სამსახურში. მათი გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით მოხდება.
კარანტინის გამო გადაიდო სკოლის გამოსაშვები გამოცდებიც.
შეზღუდვების გამკაცრება აზერბაიჯანის მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 შემთხვევა დაფიქსირდა.