ბაქო ერევანს ყარაბაღში, აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანი ბრალდებებს უარყოფს
ბაქო ერევანს ყარაბაღში, აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანი ბრალდებებს უარყოფს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის სამხედრო ფორმირებებმა რვაჯერ გახსნეს ცეცხლი აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება წერს, ბასარგეჩარის, თოვუზგალინის და გორისის რაიონებში განთავსებული სომხეთის სამხედრო პოზიციებიდან შვიდჯერ გაიხსნა ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალბაჯარის, გადაბექსის, თოვუზის და ლაჩინის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, ხოლო ერთხელ ქალბაჯარის რაიონის იმ პოზიციების მიმართულებით, სადაც დროებით რუსი სამხედროები არიან განთავსებულნი. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. მათივე განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.