ბაქარ ბერეკაშვილი - სააკაშვილი და მისი გარემოცვა ფიქრობენ, რომ ლეგიტიმაციის წყარო მათთვის არის, ვინ რას იტყვის დასავლეთში, ეს დიდი შეცდომაა, ამ საქმისთვის ლობისტების დაქირავება არაპრაგმატულია
ლობისტები ზოგჯერ აღწევენ წარმატებებს, მაგრამ მთელი საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ლობისტები აწარმოებენ, არის მანიპულაციური და ამას აქვს იდეოლოგიური საფუძვლები, – განაცხადა პირველი არხის ანალიტიკოსმა, ბაქარ ბერეკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ისევე, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში, აქ არ არის მარტო ფინანსური ამბავი, ფინანსურთან ერთად იდეოლოგიური საკითხია. იდეოლოგიური საკითხი, რომელიც არის ასევე მანიპულაციური და ყალბი. მაგალითად, CNN-ზე საუბრობდა მასიმო დიანჯელო, რომელიც, მგონი, მისი ერთ-ერთი იურისტია. ის ცდილობდა, ჟურნალისტი დაერწმუნებინა, რომ სააკაშვილი არის ის, ვინც დემოკრატია შემოიტანა და ა.შ. პოლიტიკურ მეცნიერებაში სააკაშვილს უყურებენ, როგორც ავტორიტარს და ავტოკრატს, ეს კი არის იმის საპირისპირო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კამპანია, რომელიც აგებულია იდეოლოგიაზე და გარკვეულ ილუზიებზე. კამპანიის მიზანია, ამ იდეოლოგიის და ილუზიის ქვეშ გამოკეტოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და საზოგადოებრივი აზრი შექმნას“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხდება ლობისტური კომპანიების მხრიდან დამკვეთის ინფორმირება, რომ ინფორმაცია და დეტალები საზოგადოებისთვის საჯარო გახდება და როგორ შეაფასებს გიული ალასანიას განცხადებას, სადაც ის ამბობს „მე როდესაც კომპანია „აკერმანთან“ მოვაწერე ხელი, ყოველთვის ეწერა „კონფიდენშელ“ და რას ჰქვია, გამოქვეყნდა, რატომ გამოქვეყნდა“, ბაქარ ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების შესახებ საჯარო გახდა, რადგან თვითონ აშშ-ში ლობისტების საქმიანობა და ფინანსები ხშირად საჯაროა, მაგრამ აქ საინტერესოა თავად სააკაშვილის ოჯახის დამოკიდებულება.
„ეს კიდევ უფრო კარგად ამჟღავნებს სააკაშვილის და მისი გარემოცვის ცნობიერების კოლონიზაციას. ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციის წყარო მათთვის არის არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, არამედ ის, ვინ რას იტყვის დასავლეთში. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. დღეს უკვე ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, სიტუაცია იცვლება, მათ შორის, გეოპოლიტიკური პროცესებიც და საქართველო გარკვეული შესაძლებლობების წინაშე დგება, რომ თავისი ეროვნული სუვერენიტეტი დაიცვას. გარე ძალების ამ საქმეში ჩარევა და ამ საქმისთვის ლობისტების დაქირავება არაპრაგმატულია და ცოტათი დროში ჩარჩენილი მეთოდი და მიდგომაა“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა, ერთი მხრივ, დამკვეთის გეგმა და, მეორე მხრივ, ლობისტური კომპანიების მუშაობის შედეგი, ბაქარ ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით მიმდინარე პროცესია, თუმცა ეს სურათს არ შეცვლის საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის, ვისაც სააკაშვილის სისტემა მხოლოდ ავტორიტარიზმს შეახსენებს და არა სხვა რამ პოლიტიკურ მმართველობას.
„ეს ქართული სახელმწიფოსთვის და სუვერენიტეტისთვის გარკვეული გამოცდაც არის, რა უფრო მეტად იმუშავებს, კანონის ძალა და ხალხის ინტერესი თუ ლობიზმი. საერთაშორისო საზოგადოებას რაც შეეხება, შეიძლება, გარკვეულ ჯგუფებში დაზიანდეს ქვეყნის რეპუტაცია, ოღონდ იმ ულტრალიბერალურ ჯგუფებში, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის ქართული სახელმწიფოსთვის. მე ასე მგონია. ქართულმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს განვითარებისთვის, სამართლიანობისთვის და ეს იქნება ყველაზე მეტი პასუხი იმაზე, რასაც ეს ჯგუფები ცდილობენ“, – განაცხადა ბაქარ ბერეკაშვილმა.