ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი - საბანკო რეგულაციების გადავადებაზე ეროვნული ბანკის ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძლენაძე ახალი საბანკო რეგულაციების გადავადებას დადებითად აფასებს.
როგორც მან პირველ არხს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან მუდმივი კომუნიკაცია იყო, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება, რათა პოზიციები შეჯერდეს.
„კონსულტაციები გრძელდება. იმედია, მომავალშიც გაგრძელდება და მოგვეცემა მეტი ვადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს შეჯერება, რადგან ეს არის ძალიან კომპლექსური დებულება. მისი ძალაში შესვლა შეიძლება, მკვეთრად ასახულიყო არა მხოლოდ საკრედიტო პორტფელზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე“, – განაცხადა ძნელაძემ.
მისი თქმით, ასოციაციის პოზიცია იყო, რომ დებულების ამოქმედება იმ რედაქციით, როგორც იყო დაგეგმილი, უნდა შეჩერებულიყო.
„ამას იმიტომ ვამბობდით, რომ გარკვეული მიზნებისთვის სხვადასხვა რეგულაციების შემოღება ეროვნული ბანკის მხრიდან უკვე მიმდინარეობს. მაგალითად, 50 პროცენტიანი მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ რეგულაცია სექტემბერში ამოქმედდა. ამის ეფექტი ჯერ არ ასახულა არც საკრედიტო პორტფელზე და არც ზოგადად მდგომარეობაზე ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მსგავსი დამატებითი წნეხის შემოღება მნიშვნელოვნად შეცვლიდა მდგომარეობას. ამიტომ გავაკეთეთ განცხადება, რომ რეგულაცია მსგავსი რედაქციით უნდა შეჩერებულიყო“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის აღნიშნული დებულება კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობაში მიდგომას მთლიანად ცვლიდა.
„თუ წინა პერიოდში რაღაც მაქსიმალური ზღვარი წესდებოდა, დღეის მდგომარეობით, ცალსახად, გარკვეულ ჩარჩოებში დგებოდა ფიზიკური პირის და ბანკის ურთიერთობა გარკვეულ კოეფიციენტებში. ასევე შემოდიოდა ცნება – დადასტურებული შემოსავალი, იყო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კოეფიციენტების შემოღება“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული სიახლეების ერთბაშად დანერგვა ბანკებში რთული იყო, ასევე, საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სესხის გარეშე დარჩებოდა, არამხოლოდ ახალი მსესხებლები, არამედ უკვე არსებულ მსესხებლებსაც შესაძლოა, ვეღარ ესარგებლათ დამატებითი რესურსით. ეს კი, მომავალი 12 თვის განმავლობაში საკრედიტო პორტფელის შემცირებას გამოიწვევდა.
ძნელაძის თქმით, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული დებულების გადავადებაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამასთან, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა სახით უნდა ამოქმედდეს ახალი რეგულაციები, როგორ უნდა შერბილდეს ისინი და შეჯერდეს პოზიციები.
„ეროვნული ბანკის მხრიდან გადმოდგმული ეს ნაბიჯი იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ მოგვისმინეს, მოუსმინეს რეკომენდაციებს, რა რეკომენდაციებიც და რა შიშებიც გვაქვს ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. იმედია, ისევ ისეთ სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ ურთიერთობას ეროვნულ ბანკთან, როგორც აქამდე“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
როგორც მან განმარტა, არსებობს სხვადასხვა საკითხი, რომელიც დასაზუსტებელია, მაგალითად როგორ უნდა აისახოს დებულებაში დადასტურებული შემოსავლის საკითხი, კოეფიციენტის რა ზღვარია დასაშვები, იქნება თუ არა დებულების გარეთ დარჩენილ სესხებზე ლიმიტი და ა.შ. აღნიშნულ საკითხებზე კი, კონსულტაციებია საჭირო.
რაც შეეხება იმას, რეგულაციების შერბილება და გადავადება ჭარბვალიანობის რისკს ხომ არ ზრდის, ძნელაძის თქმით, აღიარებულია, რომ დღეს საქართველოს დაბალშემოსავლიან მოსახლეობაში ჭარბვალინობის რისკი არსებობს.
„საუბარია იმაზე, რომ არსებულმა ტენდენციამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბვალიანობა. ამ მიმარულებით გარკვეულ ცვლილებებს უზრუნველყოფს უკვე შემოღებული რეგულაციებიც. შემიძლია, დღესვე დავადასტურო, რომ უკვე გადადგმული ნაბიჯებიც კი უზრუნველყოფს, არ დადგეს ეს რისკი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პოზიციების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მაგრამ, ეს დებულება იყო ძალიან ხისტი მიდგომა“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რეგულაციების შემოღების გადავადება ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების გაგრძელების წინაპირობაა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო რეჟიმი გრძელდება და არ შეწყვეტილა ეროვნული ბანკის მხრიდან. გვექნება დრო, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შევჯერდეთ“, – აცხადებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი.
ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება, რომელიც პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გადავადდა.