ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაგონგთან ხანძარსა და აფეთქებას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშში, საპორტო ქალაქ ჩიტაგონგთან საწყობში გაჩენილ ხანძარსა და აფეთქებას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა. ასობით დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საწყობში აფეთქდა რამდენიმე კონტეინერი. არსებული ინფორმაციით, საწყობში ზოგიერთ კონტეინერში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ქიმიური მასალების ზღვაში ჩაღვრის აღსაკვეთად მობილიზებულია არმია.
ადგილზე ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ასობით ადამიანია ჩართული.
როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მდებარე საავადმყოფოები გადავსებულია და მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ.
დაშავებულთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია სხეულის 60-დან 90%-მდე დამწვრობით.