ბანგლადეშში დემონსტრანტებმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს
ბანგლადეშში დემონსტრანტებმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
რამდენიმე დღეა, ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს. აქციებზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია აქციის ასობით მონაწილე.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, შემდეგ კი ტელევიზიის შენობა დაიკავა, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის შენობას წაუკიდეს ცეცხლი.
აქციაზე სტუდენტები ითხოვენ იმ სისტემის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორის სამუშაო ადგილების მესამედს 1971 წელს პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ნათესავებს სთავაზობენ. სტუდენტები ამბობენ, რომ სისტემა დისკრიმინაციულია და ითხოვენ დასაქმებას დამსახურების საფუძველზე.
როგორც მედია წერს, მთავრობამ საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზნით მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა.
საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის მასშტაბით დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები.