ბანგლადეშის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალედა ზია შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა
ბანგლადეშის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალედა ზია შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს გადაწყვეტილება შაჰაბუდინ ჩუპუმ მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა და ბანგლადეშში სამხედროების მმართველობა გამოცხადდა. მანამდე ბანგლადეშის პრეზიდენტი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დათხოვნა ქვეყნის დროებითი მთავრობის ფორმირების მიზნით მოხდა.
„როიტერის“ ცნობით, ეს განცხადება ბანგლადეშის პრეზიდენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის წევრებმა ხელისუფლებას პარლამენტის დაშლის მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს. ამასთან, სტუდენტური მოძრაობის ლიდერი ნაჰიდ ისლამი გამოვიდა ინიციატივით, რომ ბანგლადეშის დროებითი მთავრობის მეთაურად ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი დაინიშნოს.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს, ანტისამთავრობო აქციები ფონზე, ბანგლადეში პრემიერ მინისტრმა, შეიხ ხასინამ თანამდებობა და ქვეყანა დატოვა. ის ბანგლადეშს 15 წლის განმავლობაში მართავდა. ამავე დღეს დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ხოლო ბანგლადეშის არმიის მეთაურმა დროებითი მთავრობის დანიშვნის გეგმა გამოაცხადა.
ივლისის დასაწყისიდან ბანგლადეშში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ასობით ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 5 აგვისტოს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებას 109 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.