ბამბერგის პროკურორი - გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების დროს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის
გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები მზად ვართ, მომავალშიც გავუწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება საქართველოს პროკურატურას, პოლიციას და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, – ამის შესახებ ბამბერგის გენერალური პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ნინო გოლდბექმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბამბერგისა და დრეზდენის გენერალური პროკურატურა უკვე მრავალი წელია, გერმანიის პოლიციის უწყებებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ კიბერდანაშაულის სფეროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელებთან და თაღლითურ პლატფორმებთან დაკავშირებით.
„ბამბერგისა და დრეზდენის გენერალური პროკურატურის, ასევე გერმანიის პოლიციის უწყებების სახელით მინდა გადმოგცეთ უდიდესი მადლობა არაჩვეულებრივი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც განხორციელდა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. ჩვენ და თქვენ, საქართველოს გენერალური პროკრატურის, პოლიციის და სხვა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებმა, არა მხოლოდ გუშინ მოახერხეთ ძალიან მაღალი დონის, მაღალი ხარისხის წარმატებული ღონისძიებების განხორციელება, არამედ არაჩვეულებრივი შედეგი დადეთ გასული თვეების განმავლობაში. თქვენი დაუღალავი შრომის გარეშე არასოდეს მოხერხდებოდა ამ კომპლექსური ღონისძიებების ამგვარად წარმატებულად განხორციელება.
ბამბერგისა და დრეზდენის გენერალური პროკურატურა უკვე მრავალი წელია, გერმანიის პოლიციის უწყებებთან ერთად სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ კიბერდანაშაულის სფეროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელებთან, თაღლითურ პლატფორმებთან დაკავშირებით. ამ კუთხით მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა არის გარდაუვალი. ცალსახაა, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, როგორც საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებშიც ჯერ არ დასრულებულა გამოძიება. არაერთხელ აღინიშნა, რომ მოძიებული და ამოღებულია მტკიცებულებები, მონაცემები და ყველა მიმართულებით განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები. ამას კიდევ მრავალი თვე დასჭირდება. ჩვენ როგორც გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები, პოლიცია მზად ვართ, მომავალშიც გავუწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება საქართველოს პროკურატურას, პოლიციას და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ამ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ნინო გოლდბექმა.
საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.