ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან. ამის შესახებ შეთანხმებას ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა რიგაში გამართული შეხვედრის დროს მოაწერს ხელი.
შეთანხმების მიხედვით, უახლოეს წლებში ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს საზღვრებზე შეიქმნება თავდაცვის ზონები, რაც გულისხმობს სხვადასხვა თავდაცვითი ნაგებობების მოწყობას, რომელთა მიზანია სამხედრო საფრთხის შეკავება.
როგორც მედია წერს, შეთანხმებით გათვალისწინებული თავდაცვითი ნაგებობების კონცეფცია დაფუძნებული იქნება მადრიდში გამართული ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მოკავშირეებმა საკუთარი ტერიტორია პირველივე მეტრიდან უნდა დაიცვან.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ საზღვრის გასწვრივ 600 ბუნკერი მოეწყობა. თითოეული მათგანი 10 სამხედრო მოსამსახურეს დაიტევს და 152-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის დარტყმას გაუძლებს. ამასთან ერთად, მშვიდობიან პერიოდში თავდაცვით ზონებში არ განთავსდება ასაფეთქებელი მოწყობილობები და მავთულხლართები.
„უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ, ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საზღვრებზე საჭიროა ფიზიკური თავდაცვითი ობიექტები, რათა ესტონეთი პირველივე მეტრიდან დავიცვათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა ესტონელმა ხალხმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მაგრამ თუ გაჩნდა უმცირესი საფრთხეც კი, ჩვენ უკეთ ვიქნებით მომზადებული მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისთვის“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა.
გარდა ამისა, ბალტიისპირეთი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, სამი ქვეყანა ერთობლივად გამოიყენებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა „ჰაიმარსებს“. მათ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, სამხედრო პოტენციალის განვითარების თემა და ვაშინგტონის ნატო-ს სამიტთან დაკავშირებული საკითხები.