ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა ევროკავშირთან გააფორმეს შეთანხმება, რომლითაც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას დაასრულებენ
ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმეს, რომელიც 2025 წლისთვის მათი ენერგოსისტემის ევროკავშირის წყაროზე გადასვლას მოიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სახელმწიფოების რუსეთზე არსებული ენერგოდამოკიდებულება დასრულდება.
აღნიშნული შეთანხმების მიღწევას მხარეები თითქმის ათი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. ძირითად პრობლემას ტექნიკური და პოლიტიკური სირთულეები წარმოადგენდა. რეგიონში რუსეთის გავლენის გაზრდის გამო კი შეთანხმების მიღწევა რთულდებოდა.
ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები 2004 წლის შემდეგ არიან, მიიჩნევენ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ქვეყნების ეროვნული უსაფრთოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ბოლო წინაღობა. შანტაჟის ინსტრუმენტი, რომელსაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს და შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს, აღარ იარსებებს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
შეთანხმების თანახმად, ბალტიისპირეთის ელექტროკავშირები ელექტროხაზ LitPol Link-ის გამოყენებით ევროპული გაერთიანების ენერგოსისტემასთან სინქრონიზაციას გაივლის. ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდებისთვის ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის მაღალი ძაბვის კაბელი. პროექტის ღირებულება, რომელიც აგვისტოში დამტკიცდება, დაახლოებით 560 მილიონი ევრო იქნება.