ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს.
„ვიმყოფები კიევში ჩემს ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან. ამჯერად ჩვენ ასევე ვსაუბრობთ აღდგენაზე და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. აყვავებული კიევი გვახსენებს, რომ ქვეყანა მზად არის ნათელი მომავლისთვის“, – წერს ლანდსბერგისი.
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ბალტიის ქვეყნებმა ომის დაწყებისთანავე უკრაინას მხარი დაუჭირეს, როგორც იარაღით, ისე დიპლომატიური ქმედებებით. მადლობა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევა-მარია ლიმეტს, ლატვიის – ედგრას რინკევიჩს და ლიეტუვის გაბრიელიუს ლანდსბერგისს კიევში ვიზიტისთვის. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასანქციო ზეწოლა, არამედ სანქციების ერთიანობის შენარჩუნება, რომ აგრესორს არ ჰქონდეს გვერდის ავლის და უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომის დაფინანსების გაგრძელების საშუალება“, – წერს „ფეისბუქზე“ ვოლოდიმირ ზელენსკი.