ბაკურ კვაშილავა - თუ დიალოგში ვინმე არაკონსტრუქციულია, ეს რუსეთია და საერთაშორისო თანამეგობრობამ საკითხი ასე უნდა აღიქვას
ფრაზა, რომელიც პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პრემიერ-მინისტრის წერილში გაჟღერდა, შესაძლოა, როგორც მინიშნება, ისე გავიგოთ, რომ რუსეთი პირდაპირი დიალოგის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია, – ამის შესახებ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პოლიტოლოგმა ბაკურ კვაშილავა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრაქტიკულად, ეს იმისკენ მოწოდებაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასა და დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებებს საქართველოსთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლის საშუალება მიეცეს, რაც დღეს შეუძლებელია“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისი თქმით, შესაძლოა, ეს რუსეთის მიმართ ერთ–ერთი ბოლო გზავნილი იყოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ რუსეთთან კონსტრუქციული შედეგების მიღწევას ცდილობს, ეს კონსტრუქციული შედეგები არ დგება და გამწვავებული სიტუაციის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ რუსეთს კონსტრუქციულ დიალოგზე წამოსვლას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
„უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ეს გზავნილი იყო არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც საქართველო ამ განცხადებით აჩვენებს, რომ მოლაპარაკებებისა და მშვიდობისათვის ყოველთვის მზადაა. თუ ამ დიალოგში ვინმე არაკონსტრუქციულია, ეს რუსეთია და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს სწორედ ასე უნდა აღიქვას“, – განაცხადა კვაშილავამ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ლავროვის უწყების საპასუხო წერილით ყველამ დაინახა, რომ რუსეთმა საქართველოს გზავნილები „აისხლიტა“, რაც გასაკვირი არაა, რადგან რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია მიმდინარეობს და „ველიკო დერჟავული“ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომლითაც პუტინის ხელისუფლება ამაყობს, რაიმე სახის დათმობა წარმოუდგენელიც იყო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში საქართველოს პრემიერის ჩართვა, ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ რეალურად, მისი პირდაპირი ჩართულობა არ გამოვა.
„ძნელი წარმოსადგენია, მეორე მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან მედვედევი აღმოჩნდეს. აქ ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ პრემიერი მოლაპარაკებებს პირად კონტროლზე აიყვანს და თუ რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება, პრემიერის ჩართულობა მეტი იქნება“, – განაცხადა კვაშილავამ.
ბაკურ კვაშილავამ ასევე განაცხადა, რომ მართალია, ეს დიდად მოსალოდნელი არ არის, მაგრამ შესაძლოა, რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი არჩევნების შემდეგ გამოჩნდეს.