ბაკურ კვაშილავა - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ისაუბროს, ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ რეკომენდაციები თქვენთან ერთად, ვინც ჩვენთან ითანამშრომლებთ და მაშინ შეიძლება, კიდევ რაღაც გამოვიდეს
საქართველოს შემთხვევაში ითქვა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა რეგრესი, – განაცხადა პოლიტოლოგმა, GIPA-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„საქართველოს ხელისუფლებას ის უნდა გაეკეთებინა, რომ გაეგრძელებინა ის პროცესი, რაც მომდინარეობს მთელი ამ ხნის განმავლობაში; არ უნდა დაფიქსირებულიყო ისეთი თუნდაც გამონათქვამები ევროკავშირის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც ჩვენი მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთგზის კეთდებოდა; როდესაც მათთვის ყველანაირი კრიტიკა მიუღებელი იყო, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ისე ესაუბრებოდნენ, თითქოს მათი აზრი არაფერს ნიშნავს და თითქოს აქ ოპოზიციას ესაუბრებიან, რომლის წინააღმდეგაც არა ერთხელ გაიმარჯვეს; მიაჩნდათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რამ და მაინც მიიღებენ იმ სტატუსს, როგორსაც მოლდოვა მიიღებს, მაგრამ ასე არ გამოვიდა“, – განაცხადა კვაშილავამ.
ამ განცხადებით ბაკურ კვაშილავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მისანიჭებლად.
კვაშილავას თქმით, მოლდოვამ და უკრაინამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ისინი რაღაც რეფორმებს გაატარებენ, ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, თუ ამა და ამ რეფორმებს გავატარებთ.
„იცით, ეს რას ნიშნავს? ჩემი აზრით, ჩვენი მთავრობის მიმართ არ არის ის ნდობა, რა ნდობაც არის მოლდოვის მთავრობის მიმართ. აი, ეს არის და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის დიდი იმედგაცრუება. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიური საქმიანობის წარუმატებლობა, რომ მივიღეთ გაცილებით ნაკლები შედეგი“, – განაცხადა კვაშილავამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა ხელისუფლების ტონი გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ხელისუფლებას ამის გაკეთება ძალიან უჭირს.
„თქვენ ნახეთ, როგორი ცინიკური პასუხი იყო დეოლიგარქიზაციაზე. უკვე ვრცელდება კიდეც ინტერნეტში ფოტოები, სადაც საუბარია, რომ დეოლიგარქიზაცია ისე უნდა გავიგოთ, რომ უფრო მკაცრად დაისაჯოს ვთქვათ, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ უკვე „ლელოს“ ხელმძღვანელობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, ძალიან კარგი მოსასმენი იყოს „ქართული ოცნების“ რადიკალი მომხრეებისთვის, მაგრამ უდავოა, არ შეიძლება, ეს იგულისხმებოდეს ევროკავშირის განცხადებაში, როდესაც საუბარი იყო დეოლიგარქიზაციაზე და არ შეიძლება, ეს არ იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა კვაშილავამ.
კვაშილავას თქმით, თუ საუბარია იმაზე, რომ დღეს უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, ყველა გაერთიანდეს და ყველამ ერთად იმუშაოს, ეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიწყოს და უარი თქვას ასეთი ტიპის გამოხდომებზე.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ რაც მოხდა, მოხდა, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ეს რეკომენდაციები თქვენთან ერთად, ვინც ჩვენთან ითანამშრომლებთ და მაშინ შეიძლება, კიდევ რაღაც გამოვიდეს“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.