ბაკურ კვაშილავა - „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო, ღარიბაშვილის მხრიდან კომპრომისი არ იქნება აღქმული, როგორც სისუსტე
ბაკურ კვაშილავა - „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო, ღარიბაშვილის მხრიდან კომპრომისი არ იქნება აღქმული, როგორც სისუსტე

„ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათი პარტიული პოზიციიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო. მოკლევადიან ასპექტში მან გადაჭრა პრობლემა, რომ გახარიას წასვლა დამარცხებაა და აირჩია კანდიდატი, რომელიც ხისტი პოზიციითაა ცნობილი. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ღარიბაშვილის მხრიდან კომპრომისზე წასვლა არ იქნება აღქმული, როგორც სისუსტე. ღარიბაშვილის არჩევა ერთი მხრივ, ნდობას ქმნის „ოცნების“ ამომრჩეველში, რომ დაკარგული არაფერი არ არის, ჩვენ ისევ მაგრად ვართ და ასეთი მაგარი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კომპრომისზე წასვლა უფრო ნაკლებად იქნება აღქმული, როგორც სისუსტე“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, არ არსებობს კანდიდატი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლს არ დაიმსახურებდა.

„მეორე მხრივ, თუ ვიტყვით იმას, რომ სხვა კანდიდატი უნდა ყოფილიყო, არ არსებობს კანდიდატი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არ დაიმსახურებდა კრიტიკის ქარ-ცეცხლს და შეფასებას, რომ ეს ცუდი არჩევანია. პოლარიზაციაზე და რადიკალიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მეორე მხარის ნებისმიერი გადაწყვეტილება ავტომატურად არის ცუდი იმ პარტიისთვის, რომელიც ბარიერის მეორე მხარესაა“, – განაცხადა კვაშილავამ.

როგორც ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი პირველად გაპრემიერებისას 33 წლის იყო და პრემიერის რანგში მაშინდელი და დღევანდელი ღარიბაშვილი განსხვავებული იქნება.

„იმიტომ, რომ ადამიანი გამოცდილებას იღებს და როდესაც იცი, რომ პირველ ჯერზე წარუმატებელი იყავი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ის ძველ შეცდომებს არ გაიმეორებს. იმედია, ახალ შეცდომებს არ დაუშვებს და გამოიყენებს იმ შესაძლებლობას, რომელიც მიეცა“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.