ბაკურ კვაშილავა - მართალია, უკრაინა ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა, მაგრამ მას არ იცავს მეხუთე პუნქტი და არ იცავს ალიანსი, საკმაოდ რთულია, ამ დროს დაუპირისპირდე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში მეორე უდიდესი ბირთვული არსენალი აქვს
საკმაოდ რთულია, ამ დროს დაუპირისპირდე ქვეყანას, რომელსაც გააჩნია მსოფლიოში მეორე უდიდესი ბირთვული არსენალი და, რამაც შესაძლოა, რეალურად გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი, – ამის შესახებ ჯიპა-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„არ მგონია, ასეთი განწყობა იყოს, რომ ნატო ვერ იცავს არაწევრ, თუმცა ამავდროულად, პარტნიორ ქვეყნებს. შეიძლება, ასეთი განწყობები უკრაინაში იყოს, რადგან ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და ამ სახელმწიფოს წინაშე ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, მაგრამ ვთვლი, რომ ალბათ, ნატო-ს დანარჩენი წევრებისთვის ეს არ არის ასეთი ნათელი. იმიტომ, რომ მართალია, უკრაინა პარტნიორი ქვეყანაა, მაგრამ მას არ იცავს იცავს მეხუთე პუნქტი და არ იცავს ნატო, როგორც ალიანსი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია, ამ დროს დაუპირისპირდე ქვეყანას, რომელსაც გააჩნია მსოფლიოში მეორე უდიდესი ბირთვული არსენალი და მეორე საუკეთესო არმია, როგორც უკრაინელები საკმაოდ ცინიკურად წერენ თავიანთ განცხადებებში და, რამაც შესაძლოა, რეალურად გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის სერიოზული მსჯელობა, თითქოს, პუტინი არ არის სრულ ჭკუაზე, ირაციონალურად იქცევა და ა.შ. ეს შეიძლება, ტაქტიკაა და მე მაინც მგონია, რომ ტაქტიკაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სიტუაცია რთულია და შესაძლოა, ამის რისკები მაინც არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ ნატო ასეთ ნაბიჯს გადადგამს ომის ადრეულ ეტაპზე. თუმცა, მომავალში არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ზომები იქნას მიღებული“, – განაცხადა კვაშილავამ.
ამ განცხადებით ბაკურ კვაშილავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა საფუძველი აქვს განცხადებებს, რომ ნატო ვერ იცავს არაწევრ, თუმცა ამავდროულად, პარტნიორ ქვეყნებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს მოცემულ ვითარებაში საქართველოს პოზიცია და არის თუ არა ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ზედმეტად ფრთხილი, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს, ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ სანქციებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადების ფორმა იყო პრობლემური.
„მართალია, მან ეს პრაგმატული პოლიტიკით ახსნა, ოღონდ, საზეიმოდ, დემონსტრაციულად და თითქოს, ჩანდა, რომ უკრაინის მიმართ მას არანაირი ემპათია არ გააჩნია. იმიტომ, რომ მეორე მხრივ, სწორედ ასე მოიქცა მოლდოვა, მაგრამ მოლდოვიდან უკრაინას არც ელჩი გამოუწვევია და არც სხვა რამ მომხდარა. ამიტომ, ამ დროს დიპლომატიას და პრეზენტაციას იმისა, თუ რატომ აკეთებ იმას, რომ სანქციებს არ უერთდები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კვაშილავამ.
შეკითხვაზე, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სახელისუფლებო კონტექსტიდან განსხვავებული, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებები ეხმიანება იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 80% გრძნობს.