ბაკურ კვაშილავა - გერმანია არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს
ბაკურ კვაშილავა - გერმანია არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს

გერმანია არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ბაკურ კვაშილავამ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ქვეყნიდან, როგორიც არის გერმანია, ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

„ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნიდან, როგორიც გერმანიაა, მით უმეტეს, უმაღლეს რანგში. სწორედ ეს არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე ყურადსაღები იქნება ის შენიშვნები, მითითებები და რეკომენდაციები, რომელიც ანგელა მერკელს ექნება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისი შეფასებით, საქართველოს როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა ხელისუფლება სამწუხაროდ, მჭიდროდ ვერ თანამშრომლობდა გერმანიასთან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გერმანიის მმართველ პოლიტიკურ ელიტაში ჩამოყალიბებულიყო, როგორც ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მხარდამჭერი.

„მნიშვნელოვანია მუშაობა, რომელიც გრძელვადიანი იქნება და ეს ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ ამის პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა კვაშილავამ.

მის შეფასებით, ამაზე გაცილებით მეტი ყურადღების დათმობა და მეტი კონცენტრაციაა საჭირო.

„ის, რომ გერმანია ჩვენ აღვიქვათ, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, როგორიცაა ჩვენი მეგობარი პოლონეთი ან ლიტვა, ეს სამწუხაროდ, ასე არ არის. გერმანია და საფრანგეთი არის ორი ძირითადი ქვეყანა, რომლებიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წყვეტენ, საქართველო როდის ან გახდება თუ არა საერთოდ ევროატლანტიკური პროცესების შემადგენელი ნაწილი და ამ ორგანიზაციების წევრი“, – ამბობს კვაშილავა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მაქსიმუმი, რაც გაკეთდა ის არის, რომ გერმანიამ ხელი არ შეუშალა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას.

„ჯერჯერობით, მაქსიმუმი, რაც გავაკეთეთ, ის არის, რომ გერმანიამ ხელი არ შეუშალა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღებას, მაგრამ გერმანია რომ ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის ინიციატორი, ასეთი რამ არ ყოფილა, ეს დიდი განსხვავებაა“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართავს.