ბაკურ აბულაძე - პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ
ბაკურ აბულაძე - პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 21 ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დროს, დანაშაულებრივ საქმიანობაში იურიდიული პირების გამოყენება და ჩართულობა მზარდ ხასიათს ატარებს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ შემოდინების და მათი ლეგალურ ფინანსურ სისტემებში ინტეგრირების მიზნით, იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გამოყენების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის თანახმად, იურიდიული პირებიდან გამომდინარე, ფულის გათეთრების რისკი შეფასებულია როგორც საშუალო-მაღალი. ამდენად, იურიდიულ პირთა ჩართულობის გამოვლენა დანაშაულებრივ საქმიანობაში და მათ მიმართ ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

რაც შეეხება გამამტყუნებელი განაჩენებს, როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ. აღნიშნულზე ყადაღადადებული და ჩამორთმეული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოცულობა მიუთითებს.

ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით ჩატარებულმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებმა, რომელშიც საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ცხადყო, რომ ჯგუფის ფუნქციონირებამ უფრო ეფექტიანი და მოქნილი გახადა კომპეტენტური ორგანოები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

მისი თქმით, აღნიშნულის დადასტურებაა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმადაც, „საგამოძიებო უწყებებს შორის არსებობს ქმედითი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა გააძლიერა.

როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2020 წელს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, საქართველოს პროკურატურაში შემუშავდა ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც 2021 წლიდან პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, მესამე პირების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების კანონიერად ამოღებაში დაეხმარება. ასევე, ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი წარმოადგენს ფულის გათეთრების, საფინანსო სექტორში ჩადენილ და მატერიალური სარგებლის მიღებით მოტივირებულ კომპლექსურ დანაშაულებზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე საერთაშორისო თანამშრომლობის არხებით შემოსული შუამდგომლობების შემსრულებელ კომპეტენტურ სტრუქტურულ დანაყოფს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის 2020 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის.

„Moneyval-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზირებული დანაყოფი, ეფექტურად იძიებენ ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ტიპის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ასევე, ქართული კანონმდებლობით შესაძლებელია დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციისთვის პირის მსჯავრდება. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენება ცხადყოფს ქართული მხარის პასუხისმგებლობას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, ფულის გათეთრების (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროკურატურის მუშაობა ასევე პოზიტიურად შეფასდა ვიზა-ლიბერალიზაციის მზადების პროცესშიც. „საქართველოს პროკურატურა განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას“, – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.