ბაკურ აბულაძე - პროკურატურის თანამშრომლობა ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას უწყობს ხელს
საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულის და ფულის გათეთრების, მათ შორის ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით, პროკურატურა განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვანი ევროპული ქვეყნების – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, შვეიცარიის კონფედერაციის და ნიდერლანდების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან.
„უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით; აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში გაწევრიანების გზით, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები“, – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს, უცხოელ სამართალდამცავებთან ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორის, წევრისა და იურიდიული პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მოძიება, შემდგომი ჩამორთმევის მიზნით დაყადაღება და დანაშაულის ცხელ კვალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებების აღმოჩენა.