ბახმაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქმა ავტომანქანამ გორაზე მოკლე გზით ასვლის მიზნით ცენტრალური გზიდან გადაუხვია, თუმცა სიმაღლეზე საჭე ვერ დაიმორჩილა და დაგორდა. ერთმა მგზავრმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო.
„დაშავებულები გადმოყვანილები არიან „მედალფას“ კლინიკაში. ექიმების შეფასებით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. უკვე ადგილზეა რეანომობილი. უახლოეს წუთებში მოხდება პაციენტის გადაყვანა ქუთაისში“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.