ბაიდენი ტრამპს „სულელს“ უწოდებს იმის გამო, რომ პრეზიდენტი პირბადის ტარებაზე უარს ამბობს
დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა თავის რესპუბლიკელ მეტოქეს დონალდ ტრამპს „აბსოლუტური სულელი“ უწოდა იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სხვადასხვა შეხვედრებზე პირბადის გარეშე დადის. ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპის მხრიდან ლიდერობის ნაკლებობა ამერიკის მოსახლეობას სიცოცხლის ფასად უჯდება.
ჯო ბაიდენის ფოტომ, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი პირბადითა და სათვალით არის დაფიქსირებული, დონალდ ტრამპის ყურადღება მიიპყრო. თეთრი სახლის ლიდერი ფოტოს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ფოტო დაეხმარება საზოგადოებას იმის გაგებაში, თუ რატომ არ იკეთებს ქვეყნის პირველი პირი პირბადეს შეხვედრებზე.
„ის არის სულელი, აბსოლუტური სულელი, რომ ასე ლაპარაკობს. მსოფლიოში ყველა წამყვანი ექიმი ამბობს, რომ ხალხში ყოფნისას პირბადის ტარება აუცილებელია”,- თქვა ბაიდენმა „სიენენთან“ საუბრისას.