ბაჰრეინში საჰირის ტრასაზე ფორმულა ერთში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაიწყო. დღეს გაიმართა კვალიფიკაცია, რომელიც “ფერარის” პილოტების ტრიუმფით დასრულდა. საუკეთესო დრო გერმანელმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა. ის ერთადერთი იყო, ვინც წუთიდან და 28 წამიდან გამოვიდა. მეორეზე გავიდა ფინელი კიმი რაიკონენი. ასე რომ, კვირას, ბაჰრეინის გრანპრის სასტარტო ბილიკის პირველი რიგი „ფერარის“ პილოტებს ექნებათ.
მესამე და მეოთხე ადგილებზე იქნებიან – „მერსედესის“ პილოტი ვალტერი ბოტასი და „რედ ბულის“ წევრი დანიელ რიკარდო.
კვალიფიკაციაში მეოთხე დრო აჩვენა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა, მაგრამ „მერსედესის“ ლიდერი სტარტს მეცხრე პოზიციიდან აიღებს, რადგან გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, ხუთი ადგილით უკან დაახევინეს.
სეზონის პირველი ეტაპი – ავსტრალიის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო, ლუის ჰემილტონი მეორე ადგილზე გავიდა.
ბაჰრეინის გრანპრი კვირას, თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.